English / ქართული / русский /
ზურაბ ნოზაძე
წყლის რესურსების გამოყენებისა და დაცვის გაუმჯობესების საკითხები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია წყლის რესურსების არსებული მდგომარეობა და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში; გაანალიზებულია წყლის რესურსების გამოყენებისა და ხარჯვის პრობლემები და მისი გამოყენების ღონისძიებები.

მოცემულია წყალმომხმარებელთა უფლება-მოვალეობანი და სახელმწი­ფოს  როლი მათ მიერ განხორციელებული კონტროლის თვალსაზრისით.

განხილულია კონკრეტული წინადადებები წყლის რესურსების გამოყენების, დაცვის, წყლის ხარისხის, წყალმომარაგების, ჰიგიენური და სანიტარიული ნორმების დაცვის  შესახებ.

მოცემულია საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლის შესახებ წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების, დაცვის გაუმჯობესებისა და არსებული პრობ­ლემების გადაჭრისათვის.

საკვანძო სიტყვები: წყლის რესურსები, დაბინძურებული ჩამდინარე წყლები, წყლის გამოყენება, წყალმომარაგების სისტემა, ჩამდინარე წყლების გაწმენდა, წყლის რესურსების მონიტორინგი, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი და მართვა, ბუნებრივი გარემოს დაცვა. 

წყალი უნიკალური და უპირველესი სასიცოცხლო მნიშვნელობის აუცილებელი ბუნებრივი რესურსია ადამიანის, ცხოველთა სამყაროსა და მცენარეული საფარის არსებობისათვის. იგი წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის უპირველეს მოთხოვნილებას ჰაერის  შემდეგ და სწორედ ამიტომაც ითვლება უნიკალურ რესურსად.  დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რაციონალურ მოხმა­რებას და დაბინძურებისაგან მის განუხრელ დაცვას. საქართველო წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყნად ითვლება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ წყლის რესურსები არათანაბრად არის გადანაწილებული და უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია თავმოყრილი. ამდენად, წყლის რესურსების მართვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად  წყლის რესურსების სწორი გადანაწილება და რესურსით ღარიბი აღმოსავლეთ ნაწილის წყლით მომარაგება რჩება. გარდა ამისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება ზედაპირული წყლების დაბინძურება, მათ შორის ტრანსასაზღვრო დაბინძურებაც.

დღესდღეობით საქართველოში წყლის მართვისა და დაცვის საკითხები გარემოსდაცვით სფეროში ერთ-ერთი პრიორიტეტულია. ზდაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის საკითხები საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მდინარის ეკოსისტემაზე მოქმედ ფაქტორთაგან დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის ხარჯვის პრობლემას, რამდენადაც წყლის რესურსების  სამეურნეო გამოყენების, განსაკუთრებით კი დაუბრუნებელი წყალმომარაგების (მორწყვითი მელიორაციის) შედეგად ხდება წყლის დონის დაწევა, ანუ წყლის რესურსების შემცირება.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პრობლემატურია ჰიდროსფეროსა და მისი გარემოს (ატმოსფერო, ლითოსფერო) მზარდი დაბინძურება. წყლის რესურსების ხარისხობრივი გაუარესების მთავარი წყალსამეურნეო მიზეზებია: ირიგაცია, მლაშე ნიადაგების მელიორაცია, ჩამდინარე წყლები, წყალსაცავების ინფრასტრუქტურის ორგანიზაცია, ხეტყის დაცურება. ის ჩამდინარე წყლებიც კი, რომლებიც გაწმენდის შემდეგ უბრუნდებიან პირველწყაროს, საჭიროებენ სუფთა წყლით 15-ჯერად გაზავებას, რათა აღდგენილ იქნეს წყლის ბუნებრივი ხარისხი. ყველა სახის  ჩამდინარე წყლის წლიური მოცულობა, როგორც წესი, აბინძურებს 12-ჯერ მეტ ბუნებრივ წყალს, რაც უკვე მდინარული ჩამონადების მნიშვნელოვანი ნაწილია.

საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, მის წიაღში, კონტინენტურ შელფში, ტერიტორიულ წყლებსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წყლის რესურსები საქართველოს ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს.

ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული წყლები სახელმწიფო საკუთრებაა და გაი­ცემა სარგებლობისათვის მხოლოდ უფლებამოსილი ორგანიზაციების ლიცენზიების საფუძველზე. მიწაზე არსებული საკუთრება არ იძლევა მასზე არსებული წყლებით სარგებლობის უფლებას. აკრძალულია წყლის ობიექტებში საწარმოო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნაყარის ან  ნარჩენების ჩაყრა; ტოქსიკური, რადიაქტიური, სხვა სახიფათო ნარჩენების ყოველგვარი განთავსება და დამარხვა; წყლის ობიექტებში ან მათი დაცვის ზოლებში საწარმოო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ჩამდინარე წყლების ჩაშვება სათანადო ლიცენზიების გარეშე და სხვა.

ადმინისტრაციულ-საკანონმდებლო მნიშვნელოვანი ღონისძიებების  მიუხე­და­­­ვად, გადამწყვეტი როლი მაინც გარემოს დაცვის ეკონომიკურად დასაბუთებულ სამეცნიერო-ტექნიკურ ღონისძიებებს ენიჭება. ასეთი ღონისძიებებია: საწარმოო ძალების რაციონალური ტერიტორიული განთავსება წყლის რესურსებისა და ხარისხის გათვალისწინებით, ტექნოლოგიების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ  საჭირო პროდუქციის მიღებას ბუნებრივი რესურსების მინიმალური დანახარჯებით და სახიფათო ნარჩენების მინიმიზაციით.

სახელმწიფო აღრიცხვა წყლის რესურსებით სარგებლობის ობიექ­ტებზე, ანთროპოგენური ზემოქმედების წყაროების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მახასიათელებზე რეგულარული დაკვირვების სისტემის შექმნას გულისხმობს. წყლის რესურსების სახელმწიფო აღრიცხვის მონაცემები შემდეგ უნდა გამოი­ყენებოდეს წყლით სარგებლობის, დაცვის დაგეგმვის, წყალმოხმარებისა და წყალჩაშვების ნორმირებისათვის, წყლის ხარისხის განსაზღვრისათვის და სხვ. წყლის მომხმარებელი ორგანიზაციები ვალდებული არიან განახორციელონ წყალაღებისა და წყალჩაშვების აღრიცხვა წყალმზომი მოწყობილობებით და ჩამდი­ნარე წყლის ხარისხის განმსაზღვრელი აპარატურით. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კონტროლი წყალმოსარგებლეების მიერ წყალსატევებიდან აღებული და მასში ჩაშვებული წყლის რაოდენობის პირველადი აღრიცხვის სისწორეზე და ჩაშვებული წყლის ხარიხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრაზე, ასევე წყალმომმარაგებლების ანგარიშების საფუძველზე უნდა ახორციელებდეს წყლის სახელმწიფო აღრიცხვას, მონაცემების ანალიზს და გამოქვეყნებას.

წყლის რესურსების დაცვის ღონისძიებების დაგეგმვა უნდა ხორცი­ელდებოდეს ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის, რეგიონული, უწყებრივი და ადგილობრივი გარემოს დაცვის პროგრამებისა და გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების საფუძველზე.

წყლის რესურსების დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლის ობიექტების დაცვა დაბინძურების, დანაგვიანების, დაშრეტისა და  სხვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, შეამციროს თევზის მარაგი, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს წყლის ფიზიკური, ქიმიური,  ბიოლოგიური თვისების გაუარესება, ბუნებრივი თვითგაწ­მენდის უნარის დაქვეითება, წყლის  ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რეჟიმის დარღვევა და სხვა. ბუნებრივ გარემოში ეკოლოგიური წინასწორობის შენარჩუნებისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია დადგინდეს გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები,  გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს  დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები, ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები და სხვა.

გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები უნდა შემუშავდეს ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ შესაბამისი კანონმდებლობით.

წყლის ობიექტებში სამრეწველო, საყოფაცხოვრებო-კომუნალური და სხვა ჩამდინარე წყლების ჩაშვების ნორმები დგინდება დაბინძურების  ყოველი კონკრეტული წყაროსათვის მისი ტექნოლოგიური თავისებურებებისა და ადგილმდებარეობის ფონური დაბინძურების გათვალისწინებით იმდაგვარად, რომ ემისიური ნივთიერებებისა და  მიკროორგანიზმების კონცენტრაციამ ადგილზე არ გადააჭარბოს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის დონეს.

ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების აღრიცხვა, ანგარიშგება და შეფასება გულისხმობს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების კადასტრების შედგენას, სტატისტიკის წარმოებას, ინვენტარიზაციას, პასპორტიზაციას და კარტოგრაფირებას.

სამეწარმეო საქმიანობის სხვადასხვა სახეებს, რომლებსაც შეუძლიათ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ წყლის მდგომარეობაზე და წერტილოვანი და დიფუზიური წყაროებიდან ზედაპირული წყლის ობიექტების დაბინძურებას შეუწყონ ხელი.

ზედაპირული წყლების დაბინძურების თავიდან აცილებისა და მასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი საშუალებებია წყლის ობიექტებში წყლის ხარისხის ნორმირება; სამეურნეო  საქმიანობისა და ზედაპირულ წყლებში დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩაშვების რეგლამენტირება,  რომელიც ზეგავლენას  ახდენს წყლის მდგომარეობაზე; წყალდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა; ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიის, მასალებისა და ნივთიერებების, აგრეთვე საწარმოების მშენებ­ლობის (რეკონსტრუქციის) პროექტების ეკოლოგიური ექსპერტიზა; კონტროლი წერტილოვანი და დიფუზიური წყაროებიდან დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩაშვების დადგენილი პირობების  შესრულებაზე; ზედაპირული წყლების მონიტორინგი, წყლის დაბინძურებვის შესამცირებლად ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება; პასუხისმგებლობა წყალდაცვითი მოთხოვნებისა და წესების დარღვევისათვის; დგინდება წყალსატევების წყლის ხარისხის ნორმები წყალსარგებლობის ცალკეული კატეგორიების მიხედვით  (სასმელ-სამეურნეო, სამეურნეო-საყოფაცხოვრებო და თევზსამეურნეო წყალსარგებლობა). დოკუმენ­ტებში მოცემულია ზედაპირული წყლების შემადგენლობისა და თვისებების დადგენილი ნორმატივები, რომლებიც უნდა შემუშავდეს შესაბამის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში. გარდა ამისა, ჩამდინარე წყლების თითოეული წერტილისათვის დგინდება დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვების ზღვრულად დასაშვები  ნორმატივები; მტკიცდება წყალსატევებში ჩამდინარე წყლებთან ერთად  დამაბინძურებელ  ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები   ნორმატივების გაანგარიშების მეთოდიკა, გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმები, ცენტრალიზებული, არაცენტრალიზებული და ზედაპირული წყალმომარაგების სისტემის წყლის ხარისხობრივი ნორმები, ზედაპირული წყლების, წყაროების სანიტარიული დაცვის წესები და ნორმები, აგრეთვე ზღვის სანაპირო წყლის დაცვისა და  გამოყენების ჰიგიენური ნორმები, სანიტარიული წესები და სხვა.

წყლის რესურსების დაცვის რეჟიმის დარღვევა, წყლის სხვადასხვა სახის დაბინძურება ისჯება შესაბამისი ჯარიმებით და სანქციებით.

წყლის რესურსების მართვა ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ.

საჯარო სამართლის იურიდიულა პირმა უნდა უზრუნველყოს ზედაპირული წყლების ინვენტარიზაცია, ყველა სახის წყალმოსარგებლეთა ინვენტარიზაცია; ზედაპირული წყლების ობიექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონიტორინგის ქსელის შექმნა და მონიტორინგის წარმოება; წყალაღებისა და წყალჩაშვების ნებართვების რეგისტრაცია; გაცემული ნებართვების მონიტორინგი; ნებართვის პირობების შესრულების კონტროლი; მდინარეთა აუზის დაცვა არალეგალური საქმიანობისაგან; წყალდიდობებისა და გვალვებისაგან დაცვის გეგმების შემუშავება და განხორციელება; ნაპირდაცვითი სამუშაოების წარმოება.

საჯარო  სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნისტრო. თავის მხრივ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ მათ საკუთრებაში არსებული წყლის რესურსების მართვას.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მათ საკუთრებაში არსებული წყლის რესურსების მართვის სფეროში უზრუნვეყოფენ წყლის რესურსების მართვის წესების განსაზღვრას; წყლის რაციონალურად გამოყენების და დაცვის ღონისძიებების ზედამხედველობას; წყლით უნებართვო სარგებლობის და წყლის ობიექტებზე თვითნებური სამეურნეო საქმიანობის აღკვეთას; ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე წყლის დაცვისა და გამოყენების კონტროლს,  სახელმწიფო აღრიცხვას, მისი გამოყენების რეგის­ტრირებას და სხვა.

წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებისა  და დაცვის მნიშვნელოვან ღონისძიებებად შეიძლება მივიჩნიოთ:

საქართველოს წყლების ეკოლოგიური ფასეულობებისა და ფუნქციების შენარჩუნება; წყლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება; უსაფრთხო სუფთა წყლის ხელმისაწვდომება; წყალდიდობისა და გვალვებისაგან დაცვა და პრევენცია; ჰიდროლოგიური რეჟიმის შენარჩუნება; წყალმოსარგებლეთა ინტერესებისა და ეკოსისტემების შენარჩუნებისა და დაცვის გათვალისწინება. ქვეყნის ეკოლოგიური პოლიტიკის განუხრელად, რაციონალურად განხორციელება არის მდგრადი ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1.  Селезнева  А.В., ,,От мониторинга к нормированию антропегонной нагрузки на водные  обиекты”.
  2.  Щюра Д.В.   Ямиева Э.У., ,,Методы и технические средства контроля качества воды ”.
  3. Никитенков Б. ф. Лагутина  Н.В., ,,Мониторинг водных обиектов  и геоинформационные системы”.
  4. Беличенко Ю.П. Швецов М.Н., ,,Рациональное использование и охрана водных ресурсов”.
  5. Кочановский А. М., ,,Очистка и использование сточных вод”.